მოგზაურობა ყავის გარშემო - London Calling (ნაწილი 2)

დღე პირველი, ჰითროუს აეროპორტიდან სასტუმრომდე ისე მივედი, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ალ პაჩინოსაც კი შეშურდებოდა, იმდენი ხანი არ დამიხამხამებია თვალი. ვფიქრობდი, ერთი არგენტინული ტანგოს სწავლაღა მაკლია და ეგ არის, მთლად ჰოლივუდის ვარსკვავი არა, მაგრამ ბოლივუდში უეჭველი დიდი მომავალი მექნებოდა-თქო. ვფიქრობდი, თან ვცდილობდი დამეფიქსირებინა ყველაფერი, რაც კი ჩემს გარშემო ხდებოდა. სამყაროებს შორის მოგზაურობა, რომ შეიძლებოდეს, ალბათ დავიჯერებდი უთვალავი სინათლის წელი გავიარე და სულ სხვა სამყაროში ამოვყავი თავი. ნაცრისფერი ბუნებისა და ზღვის მლაშე სუნის ფონზე, ლონდონი მართლაც, რომ განსაკუთრებულად მედიდურად გამოიყურებოდა. შუა საუკუნეებისა და თანამედროვე პოსტმოდერნის არქიტექტურა, რაღაც განსაკუთრებულ იერსახეს სძენს ამ ქალაქს, თითქოს დრო გაჩერებულა და ორი ალტერნატიული რეალობა ერთ ადგილას იკვეთება, ლამაზად მოჩუქურთმებული თაღები და შენობები, თანამედროვე ცათამბრჯენებითაა შემოსაზღვრული.

 

სასტუმროში მისვლისთანავე, გადავივლე და თავქუდმოგლეჯილი გამოვარდი გარეთ, ვეღარ ვითმენდი, იმდენი რაღაც მაქვს სანახავი ამ მოკლე პერიოდში, რომ ერთ წუთსაც კი ოქროს ფასი აქვს ჩემთვის.

 

ტრაფალგარის სკვერის მიმდებარედ, ერთი პატარა მყუდრო კაფე ვიპოვე, გადავწყვიტე შევსულიყავი და გემრიელ კერძებთან ერთად პატარა ყავის დეგუსტაციაც მომეწყო ჩემი თავისთვის. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ამ კაფეში შესვლა, მაგრამ ალბათ ძირითადად ყავის პატარა აბრამ განაპირობა, რომელზეც პატარა და გაურკვეველი ასოებით ეწერა შემდეგი წინადადება: ‘Never trust anyone, who does not drink coffee’. გამისწორდა, ყველაზე სანდო ადამიანი ვყოფილვარ დედამიწის ზურგზე.

კაფეში გატარებულმა ერთმა საათმა თითქოს და რევოლუცია მოახდინა ჩემს ქვეცნობიერში. პირველად დავაფასე კულინარია და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ გურმანი, არც 60 კილოზე მეტი ვყოფილვარ, მივხვდი, რომ სხვადასხვა გემოების ჰარმონიული შეზავება და ბალანსი არანაკლები ხელოვნებაა; შევუკვეთე honey&co სალათა და ერთი ჭიქა ბურგუნდიული ღვინო; თხის ყველით, როკფორითა და შვეიცარული ყველით გაჯერებული აღმოსავლური ბალახების სალათა, მინდვრის ატმითა და მოხალული ნუშის მარცვლებით! ეს გემო არასდროს დამავიწყდება. როგორც კერძი, ასევე ღვინო ისეთი გემრიელი იყო, რომ სულ დამავიწყდა თვითმფრინავში გატარებული ტანჯული 6 საათი და მთელი ეს სიტკბო ხასიათში გადამივიდა. გადავწყვიტე ყავაც შემეკვეთა, მაგრამ ისეთი დათრგუნული ვიყავი ამ კერძით, რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია, ვისღა ახსოვდა თქვენი ყავის დეგუსტაცია, მიმტანს შესაფერისი ჩაი დავუტოვე და გადავწყვიტე გზას გავყოლოდი მომავალი თავგადასავლების ძიებაში.

გეზი ავიღე კატალისტისკენ. ვინც არ იცის, კატალისტი, ეს არის ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყავის სახალავი სახლი, რომელიც მართლაც რომ პროდუქტის მაქსიმალურ ხარისხზეა ორიენტირებული და ყავის თითოეული მარცვალი განსაკუთრებული ყურადღებით ირჩევა და იხალება. მარტივი არ არის, ითანამშრომლო ესეთ კომპანიასთან, მითუმეტეს, როდესაც საქართველოში, კი გვიყვარს ყავა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ყავის ნამდვილი გემო. მიჩვეული ვართ, რაღაც დაბალი ხარისხის, გაურკვეველი წარმომავლობის სასმელს, რომელსაც ნარკოტიკისნაირი მიდრეკილება აქვს. მაგრამ ყველაფერი დროის ფაქტორია, მთავარია პოპულარიზაცია გავუწიოთ ნამდვილ, ჯამრთელ ყავას და ამაყი ვარ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს ხელი შეუწყოს ყავის კულტურის განვითარებას საქართველოში.

 

მოკლედ, კატალისტსში სტუმრობამ ჩვეულებრივზე კარგად ჩაიარა. გავსინჯე ყველაფერი რისი გასინჯვაც კი შეიძლებოდა, ყავიდან დაწყებული, აპეტაიზერებიდან დამთვარებული, შევხვდი ყავაზე შეყვარებულ თავისი საქმის პროფესიონალ ხალხს, რომელთაგანაც ბევრი ვისწავლე და მეც ბევრ რამეში დავაკვალიანე. ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო კი იაპონური ჩაი „მაჩას“ დეგუსტაცუია/ტრენინგი იყო, რომელიც ალკოჰოლთან შეზავებული მიიღება და შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის ცხელი bevarage სასმელთა შორის.  „მაჩა“ ისმევა პატარა სირჩებით, როგორც საკე და საკმაოდ ალკოჰოლურიცაა (გააჩნია რითი ვაზავებთ).  ვფიქრობ საინტერესო იქნება იაპონური ჩაის პოპულარიზაცია საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად გვიყვარს თანამედროვე და განსხვავებული ტრენდები.

იმ დღეს, შთაბეჭდილებებით გაჯერებულს, გზად ერთი რესტორანი და ყავის სახლიც კი არ გამიმაზავს, შევდიოდი და ყველგან ვსინჯავდი საფირმო ყავას. ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ღამის სამი საათია, შუა ღამე კი იწვის და დნება, მაგრამ კოფეინით და ემოციებით გაჯერებულს, რაღაც არამგონია დამეძინოს, თქვენ კი 3 საათით წინ მყოფებს, დილა მშვიდობისა და სასიამოვნო დღეს გისურვებთ!